„გირჩის“ ინიციატივა: პარტია საარჩევნო კამპანიის ჩატარებას მათ შორის ქორწილებშიც გეგმავს
10/09/2020 15:38:22 პოლიტიკა
ქვეყნის მასშტაბით დღეიდან ამოქმედებული რეგულაციების ფონზე, რომ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი, პოლიტიკური პარტია “გირჩი“ ახალი ინიციატივით გამოდის. კერძოდ, პარტიაში განმარტავენ, რომ მათ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქვთ მონაწილეობა „ღია თუ დახურული ტიპის სხვადასხვა ხალხმრავალ შეხვედრებში“.
ინფორმაციისთვის: რეგულაციები საარჩევნო კამპანიას არ ეხება.
„შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას.
აღნიშნული შეხვედრების ნაწილის ორგანიზებაში გვეხმარებიან მეგობრები, მხარდამჭერები და კომპანიები, რომელთაც აქვთ ასეთი ტიპის შეხვედრების მოწყობის გამოცდილება.
რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან ნებისმიერი მიზეზითა და ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში, ჩვენს მიერ აღქმული იქნება როგორც ხელისუფლების მიერ გირჩისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა“,– ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ირკვევა, რომ „გირჩმა“ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ „შეკვეთებიც“ მიიღო.
როგორც პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, პარტია გეგმავს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და ამისთვის ადამიანების ნებისმიერი შეკრების გამოყენება სურს.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მისწრებაა ადამიანების შეკრებაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა. ხშირ შემთხვევაში ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. არსებობს შესაძლებლობა, როდესაც ადამიანებს უნდათ შეკრება სხვადასხვა მიზეზების გამო, უნდათ გართობა, შესაძლოა, ქორწილი იყოს და ა.შ. და სახელმწიფო ეუბნება, „ამისთვის არ შეიძლება შეკრება, მაგრამ სხვა რამისთვის – კი“ და ეს სხვა რაღაც, რისთვისაც შეკრება შეიძლება, წინასაარჩევნო კამპანიაა. ჩვენ ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს შევთავაზეთ, დააორგანიზონ შეხვედრა, მათ შორის, თუნდაც გარკვეულ რიტუალებთან დაკავშირებული და ჩვენ მას პოლიტიკურ სააგიტაციო შეკრებად გადავაქცევთ, სადაც მივალ და ამ ადამიანებს მათ შორის დაველაპარაკებით იმაზე, რა უნდა “გირჩს“,– განმარტა ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
რაც შეეხება მსგავს ღონისძიებაზე სამართალდამცველების შესაძლო გამოჩენას, ჯაფარიძე ამბობს:
„ჩემი აზრით, სრული გიჟი უნდა იყოს ადამიანი, პოლიცელს დაავალოს, ქორწილი ჩაშალე და ადამიანები გაამწარეო. ვერ წარმომიდგენია თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი სიგიჟე ვინმემ ვინმეს დაავალოს“.


