TI-ს კვლევა: რა ბიზნეს–საქმიანობაში არიან ჩართული “ოცნების“ მაჟორიტარები
11/09/2020 07:45:26 პოლიტიკა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი – 30-დან 19 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. კერძოდ, ხსენებული 19 კანდიდატი სხვადასხვა ფორმით 186 კომპანიასთანაა დაკავშირებული.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2012-20 წლებში მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო ქართული ოცნების შემომწირველი. მთლიანობაში მათ ქართულ ოცნებას 740,826 ლარი შესწირეს. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, გიორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე.
TI-ს კვლევის თანახმად, მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც.
მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3,702,826 ლარი შესწირეს.
მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) არიან:
- გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ლარი;
- ზაალ დუგლაძე – 990,000 ლარი;
- ირაკლი ხახუბია 458,000 ლარი;
- დავით სონღულაშვილი – 340,000 ლარი;
- ბეჟან წაქაძე – 320,000 ლარი.
"სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4,364,109 ლარი (ტენდერი – 623,450 ლარი; გამარტივებული შესყიდვა – 3,740,659 ლარი).
მაჟორიტარობის 6 კანდიდატს (დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილოება მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758,300 ლარად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2,210,000 ლარადად – სახელმწიფო საწარმოებს წილები.
ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში – მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12,646,900 ლარს.
მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება. ესენი არიან:
- სოზარ სუბარი,
- ნოდარ ტურძელაძე,
- დავით სერგეენკო,
- შალვა კერესელიძე,
- ზაურ დარგალი,
- ნინო ლაცაბიძე.
კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების' მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შესწირა თანხა. ესენი არიან:
- ბექა ოდიშარია,
- დავით სონღულაშვილი,
- გოჩა ენუქიძე,
- ზაალ დუგლაძე,
- ირაკლი ხახუბია,
- ანზორ ბოლქვაძე.
გამჭვირვალობაში აცხდებენ, რომ 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:
"მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე.
6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. გარდა იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თანამდებობის პირებმა ფორმალურადაც არ თქვეს უარი მათი წილების მართვაზე. ესენი არიან: ლევან კობიაშვილი, დავით სონღულაშვილი, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე და ირაკლი ქადაგიშვილი", - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში.
მსგავს კვლევებს ორგანიაცია სხვა პოლიტიკურ პარტიებზეც მომზადებს.


