საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

12-09-2020 00:03:53 ეკონომიკა ,საგარეო პოლიტიკა

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა:

"საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
  • პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
  • რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)" - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, საქართველოს ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა. ამის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ 1-ელი სექტემბერი, შემდეგ კი 1-ლი ოქტომბერი დაასახელა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები