
"ქორწილი უნდა იყოს საბედნიერო დღე და არა - რომელიმე ე.წ.კლასტერის წარმოქმნის ღონისძიება"
14/09/2020 11:31:13 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნეს–კომპანიებმა უნდა დაიცვან ის წესები, რომლებიც მთავრობის რეკომენდაციითაა გათვალისწინებული. მისი თქმით, რეგულაციების შესრულების დროს ხელისუფლება იქნება შეუვალი.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვები კვლავ იქნება სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებაზე:
"ქორწილი უნდა იყოს წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საბედნიერო დღე და არა - რომელიმე კლასტერის წარმოქმნის ღონისძიება".
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების გამართვა – როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში 10–ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. ღონისძიების ორგანიზატორი 2 000 ლარით ჯარიმდება, კომპანია, რომელიც მსგავსი რიტუალისთვის ადგილის გამოყოფს - 10 000 ლარით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 2 392 პირს დაუდასტურდა. მათგან 1 369 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეა, დღიურად ვირუსი 100-ზე მეტ პირს უდასტურდება. ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთ ქორწილსაც დაუკავშირდა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა.