რატომ კოალიციური მთავრობა? – არგუმენტები

15-09-2020 16:46:27 პოლიტიკა ,კომენტარი

პირველად 29 წლის განმავლობაში, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, უარი თქვას ერთპარტიულ მმართველობაზე, რაც დემოკრატიის თვალსაზრისით (მით უფრო, რომ ქვეყანაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც ხმამაღლა ალაპარაკდნენ), წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდებოდა. მართალია, მსხვილი პოლიტიკური პარტიები კომპრომისებისადმი მაინცდამაინც დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებენ, მაგრამ მთავარი აქტორი ხომ არა რომელიმე პოლიტიკოსი, არამედ ამომრჩეველია: სწორედ მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ დღემდე განვლილი პოლიტიკური გზა, გაითავისონ საკუთარი საარჩევნო ხმის ძალა და, ბოლოს და ბოლოს, დააფიქსირონ საარჩევნო ურნასთან საკუთარი ინფორმირებული არჩევანი – გასცენ ნდობის მანდატი და ამავდროულად აიღონ მასზე პასუხისმგებლობაც. ამდენად, როგორი პოლიტიკური დღის წესრიგით „გაიღვიძებს“ ქვეყანა 1 ნოემბერს - ამას 31 ოქტომბერს დიდწილად სწორედ ამომრჩეველი გადაწყვეტს. დარჩენილი დრო კი არც ისე ბევრია. „აქცენტი“ შეეცადა, მკითხველისთვის ერთპარტიულ და კოალიციურ მთავრობებს შორის განსხვავება კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დახმარებით ეჩვენებინა.

ხმალაძის არგუმენტები

  • დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში ერთპარტიული უმრავლესობის მქონე პარტია უგულვებელყოფს ოპოზიციური პარტიებისა თუ საზოგადოების მოთხოვნებსა და წინადადებებს. მსგავსი მოქმედება სახიფათოა როგორც ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების დაცვისთვის, იზრდება არათუ შეგნებულად არასწორად მოქმედების, არამედ შეცდომის ალბათობაც;
  • ერთპარტიული მმართველობის შემთხვევაში მთავრობა ერთი პარტიის წარმომადგენლებისა თუ მისადმი ლოიალურად განწყობილი პირებისგან კომპლექტდება და მსგავს შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობას საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ინტერესიც არ აქვს: მის ინტერესში არაა, მთავრობის საქმიანობაში გამოავლინოს არასწორი მოქმედებები;
  • საპარლამენტი კონტროლის განხორციელების ერთ–ერთი მძლავრი მექანიზმია დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პრობლემის გამოსაძიებლად. კონსტიტუციის ახალი რედაქციით მსგავსი კომისიის შექმნა შედარებით გამარტივებულია (პარლამენტის წევრთა 1/3–ს შეუძლია შექმნა), თუმცა, ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში დგება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემა: აღმასრულებელი სტრუქტურას აკომპლექტებს მმართველი უმრავლესობა;
  • საქართველოს მსგავს ქვეყნებში სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა პრაქტიკულ დონეზე ჯერ კიდევ არაა უზრუნველყოფილი და ერთპარტიული უმრავლესობის პირობებში ამ მიმართულებით ცვლილებები არაა მოსალოდნელი;
  • კოალიციური უმრავლესობის, შესაბამისად, კოალიციური მთავრობის პირობებში ჩამოთვლილი საფრთხეები მცირდება – ერთპარტიული დიქტატი ქრება: კოალიციაში შემავალი დომინანტი პარტია იძულებულია, უარი თქვას ერთპიროვნულ მოქმედებებზე და მნიშვნელოვან ძალას იძენს კოალიციაში შემავალი მცირე პარტიების ხმები. ამდენად, დომინანტი ძალა, იძულებულია, გაითვალისწინოს სხვა სუბიექტების პოზიციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კოალიცია დაიშალოს და დომინანტმა ძალამ ძალაუფლება დაკარგოს. თავის მხრვ მცირე პარტიები ფიქრობენ რეიტინგის გაუმჯობესებაზე და ცდილობენ, საზოგადოების წინაშე იპოზიციონირონ, უკეთეს გადაწყვეტილებებს უჭერენ მხარს;
  • კოალიციური უმრავლესობის პირობებში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლი იზრდება;
  • დროებითი საგამოძიებო კომისიები იძენენ მნიშვნელოვან ძალას და მათი გადაწყვეტილებების განხორციელება რეალური ხდება;
  • პარტიები იძულებულები ხდებიან, მოძებნონ კომპრომისული გადაწყვეტილებები, რაც განვითარების საფუძველია.

ინფორმაციისთვის: 31 ოქტომბერს ამომრჩეველი 30 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს, 120 მანდატი პროპორციული სისტემით – პარტიების მიერ არჩევნებში დაგროვილი ხმების მიხედვით დანაწილდება.

რაც შეეხება მთავრობას, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლება არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას აქვს. მაგრამ იმისთვის, რომ კანდიდატმა პარლამენტის ნდობა მოიპოვოს, მინიმუმ, 76 დეპუტატის ხმაა საჭირო. თუ აღნიშნულმა კანდიდატმა და მთავრობის სავარაუდო შემადგელობამ დეპუტატების ნდობა ვერ მიიღო, არაუადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირის განმავლობაში პარლამენტმა თავად უნდა აირჩიოს პერემიერ-მინისტრობის კანდიდატი და კენჭი უყაროს მისთვის ნდობის გამოცხადებას. თუ ამ ორ კვირაში ან ვერ წარადგინა პარლამენტმა კანდიდატი, ან ნდობა თუ ვერ გამოუცხადა, მაშინ მესამე კვირის განმავლობაში პრეზიდენტმა უნდა დაითხოვის პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი მომდევნო არჩენები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები