„ეს სარდაფია!“ – COVID-19–ით ინფიცირებული დეპუტატი მისი თვალით დანახულ პრობლემებზე საუბრობს

16-09-2020 11:42:28 საზოგადოება

"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გედევან ფოფხაზე, რომელსაც დაახლოებით, ერთი კვირის წინ COVID-19 დაუდასტურდა, პანდემიის პირობებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე პირადი გამოცდილების გათვალისწინებით საუბრობს და ასკვნის, რომ სისტემა არ არის მზად, სრულფასოვნად იზრუნოს პაციენტებზე.

„რეალობაა, რომ შესაძლოა, პაციენტები ჯანრთელობის ნიშნით დისკრიმინაციის ქვეშ მოექცნენ“,– განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ვალდებული იყო, პარლამენტში ვიზიტისას სწორედ ამ საკითხებზე ესუბრა, თუმცა „უმრავლესობამ მას სრული კომფორტი შეუქმნა“.

ფოფხაძე რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:

  • დისკრიმინაცია;
  • გარემო;
  • უსაფრთხოება.

„ჩემთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი პროცესში გამცეს, როდესაც 112–ში დარეკვა დამჭირდა: სასწრაფომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანა, „სიცხის განყოფილებაში“ ჩამიყვანეს, სადაც 24 საათის განმავლობაში მომიწია ყოფნა. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ სივრცეში წინასწარი პატიმრობაშიც არ უნდა ამყოფო ადამიანი – ეს სწორი არაა, რადგან ეს რეალურად სარდაფია, სადაც არაა ფანჯრები. ვფიქრობ, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია მათთვის, ვინც ინფიცირებული არაა, რადგან საერთო სველი წერტილით სარგებლობს ყველა...ეს არის სიცხის განყოფილება, სადაც ყველა არაა ინფიცირებული: მე – ინფიცირებული ადამიანი ვიყავი არაინფიცირებულებთან ერთად“.

გარდა ამისა, ფოფხაძე ამბობს, რომ ტესტის პასუხის მოლოდინში მშრალ შიმშილობაზე მოუწია ყოფნა:

„არავის გახსენებია, რომ ადამიანს, 24 საათის განმავლობაში შესალოა, საკვები დასჭირდეს“.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მისი ტესტის პასუხები შეეშალათ: ჯერ უთხრეს, რომ ტესტზე პასუხი უარყოფითია, ხოლო როდესაც კლინიკის დასატოვებლად მზადებას შეუდგა, უთხრეს, რომ პასუხი შეეშალათ და მას კოვიდ–ინფექცია დაუდასტურდა.

ფოფხაძე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეახსენებს, რომ პაციენტი ექვემდებარება შეზღუდვებს, თუმცა მას აქვს უფლებები, როდესაც სისტემასთან მარტო რჩება და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველს და კოლეგებს.

„სისტემა არ არის ორიენტირებული მასობრივად ადამიანის უფლებების სრულფასოვნად დაცვაზე. რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის მზად, მიიღოს კოვიდით ინფიცირებული ადამიანები და ჰყავს მიღებული. თუ ჯანდაცვის სამინისტრო პერსპექტივაში 3 000 ასეთ ადგილს გვპირდება, ის გვეუბნება, რომ პაციენტის უფლებები არ აინტერესებს, აინტერესებს მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, ჯანმრთელი ადამიანების უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ პაციენტებს მოვუწყოთ სეგრეგაცია“,– დასძინა ფოფხაძემ.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დეპუტატ ამბობს, აქვს მაღალი სიცხე და ზოგადი სისუსტე.

განახლება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი გედევან ფოფხაძის ბრალდებებს „უსამართლოს“ უწოდებს.

„ბატონი გედევანი გახლავთ პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრი კი არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეს და ზრუნავდეს სახელწიფოს განვითარებაზე. რესპუბლიკური საავადმყოფო განეკუთვნება იმ იშვიათ კლინიკათა რიცხვს, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია – სულ სამი თუ ოთხი კლინიკა გვქვს ასეთი მთელ საქართველოში.

პირველი მარტიდან რესპუბლიკური საავადმყოფო არის ცხელების და კოვიდის ცენტრი, რომელიც კოვიდიან პაციენტებს შეუწყვეტელი რეჟიმით იღებს. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, როცა ბატონი გედევანი ამ ხნის გამავლობაში მობრძანდა და მოიკითხა რესპუბლიკური საავადმყოფოს პირობები, დაინტერესდა, რა მდგომარეობაში მუშაობენ აქ ექიმები და რა მდგომარეობაში არიან პაციენტები, სცადა ჩვენი დახმარება იმისთვის, რომ კლინიკაში რამე გამოესწორებინა.

ჩვენს კლინიკაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტებმა მიიღო ადეკვატური დახმარება. გედევანის შესაბამისი პირობები ვერ მოვაწყვეთ, რა ვქნათ. მე არ ვაპირებ ბატონ გედევანთან პოლემიკაში შესვლას. ჩვენთან პაციენტის კვება ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მითუმეტეს, ცხელების ცენტრში, რა არ მოეწონა მას, ვერ გეტყვით. ახლა დავბრუნდი სამსახურში და ყველაფერში გავერკვევი. სიმართლე არ არის, რომ ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტი ერთი სველი წერტილით სარგებლობს” – განაცხადა "პრაიმტაიმთან" თემის კომენტირებისას რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები