
რატომ მოხსნა სანდრო ბრეგაძემ გლდანში საკუთარი კანდიდატურა
16/09/2020 08:09:07 პოლიტიკა
„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის.
ბრეგაძე Facebook-ის მეშვეობით განმარტავს, რომ არ ელოდა, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ ოლქში კონკურენტს დაუეყენებდა, თავად კი არ სურს „ლიბერასტების" წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუშალოს. ამრიგად, მან კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
"მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად. გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა. ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ. სიმართლეს ვიტყვი - ამას არ ველოდი!
ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ. მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი", - წერს ბრეგაძე.
„პატრიოტთა ალიანსმა“ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად მერაბ ჭიქაშვილი დააყენა. ამავე ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატი ლევან კობიაშვილია, ოპოზიციური გაერთიანების – ნიკა მელია, პარტია „ლელოს“ - გიგლა მიქაუტაძე, „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ - ლაშა გიორგაძე.
„პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მათ შორის ჭიქაშვილის 8 სექტემბერს დაასახელა, 15 სექტემბერს Edison Research-ის კვლევა გახდა საჯარო (დამკვეთი ტელეკომპანია „ფორმულაა“). კვლების მიხედვით, სანდრო ბრეგაძეს მხარს გამოკითხული ამომრჩევლის 1% უჭერს; ნიკა მელიას –52%, ლევან კობიაშვილს - 33%, გიგლა მიქაუტაძეს - 12%, ლაშა გიორგაძეს - 2%.