როგორ მოიაზრებს ძალოვანი უწყებების რეფორმირებას ხუთი ოპოზიციური პარტია
16/09/2020 08:45:06 პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა – „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „გირჩი“, მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს.
როგორც განიმარტა, შეთანხმება, რომელიც კოალიციური მთავრობის პირობებში რეფორმებს გულისხმობს, რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება: თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც სცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა;
ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი: დაზარალებულის ინტერესის დამცველი შეიძლება, იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება; ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა;
სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება – დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.
შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ იდეებს დანარჩენი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებიც გაიზიარებენ.


