ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთან მჭიდრო კავშირის მომხრეებს მათ შორის საქართველოში კრემლის ქმედებებს ახსენებს
16/09/2020 09:11:10 პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია ევროპული „მაგნისკის“ აქტის ინიციატივას წარადგენს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი, ხოლო დემონსტრანტების წინააღმდეგ ბელარუსის ხელისუფლების ქმედებები მან სამარცხვინოდ შეაფასა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის მოწამლვის ფაქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის. ამ კონტექსტში მან ევროპარლამენტარებს შეახსენა რუსეთის ქმედებები საქართველოში, უკრაინაში, სირიაში, სოლსბერიში და სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის მცდელობები.
„მათ ვინც, მხარს უჭერს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირს, ვეტყვი, რომ ალექსეი ნავალნის ქიმიური აგენტით მოწამლვა გამონაკლისი შემთხვევა არაა: ჩვენ დამახასიათებელი მოქმედებები ვიხილეთ საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევა. ეს ქმედებები არ იცვლება და არანაირი გაზსადენი არ შეცვლის ამას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


