გაუფასურებული ლარი და პროგნოზი მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან

16-09-2020 15:30:33 ეკონომიკა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში დაახლოებით, 10 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება დღეს, 16 სექტემბერს 3.15 ლარია, ევროსი –3.75 ლარი, თუმცა სავალუტო ჯიხურებში ღირებულება ტრადიციულად მეტია.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება:

„დღეს გააკეთა განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და გამოთქვა მზაობა, რომ ამისთვის გამოყოფილია რეზერვები და თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა. დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ინფლაცია მცირდებოდა, ჩვენ წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას , რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით კი ლარის გაცვლითი კურსის რყევები ზომიერია და ნეგატიური ტენდენციების გაღრმავების ნიშნები არ არსებობს.

"თუ დავაკვირდებით ლარის ბოლო დროინდელ დინამიკას, ეს დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი. ვფიქრობ, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ უფრო გაღრმავდეს ნეგატიური ტენდენცია კურსთან დაკავშირებით. ნეგატიური მოლოდინები ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად, შეიძლება გაჩნდა გარკვეული მოლოდინები მათ შორის ბიზნესში, რომ მთავრობა მიმართავს საყოველთაო საკარანტინო ღონისძიებებს და მოხდება ბიზნესის შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება, ბიზნესი არ იქნება შეზღუდული და ეკონომიკა გააგრძელებს მუშაობს. ეს გაანეიტრალებს ნეგატიურ მოლოდინებს და ტენდენციები ლარის კურსთან დაკავშირებით არ გაღრმავდება", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ბოლო დროინდელი მაჩვენებლები დამაიმედებელია, რადგან ინფლაციის კლება შეინიშნება:

"ბოლო დროინდელი ინფლაციის მაჩვენებლები დამაიმედებელია, რადგან ინფლაციის კლება შეინიშნება. ეკონომიკური ვარდნა გრძელდება, იმიტომ რომ წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური მაგრამ ვარდნის ტემპიც სუსტდება. ასევე, ბოლო რამდენიმე თვეში ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტი იზრდება მიუხედავად ზოგადი პრობლემებისა საგარეო ბაზრებზე. იზრდება გზავნილებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინები არის პოზიტიური".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები