Accentnews.ge
ანტისაოკუპაციო მოძრაობა: 8 წელში საქართველომ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაიკარგა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა: 8 წელში საქართველომ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაიკარგა

16/09/2020 12:49:46 პოლიტიკა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “გააერთიანე საქართველო – ძალა ერთობაშია” მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციის შედეგად, საქართველომ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ანალიზს საფუძვლად ანტისაოკუპაციო მოძრაობის 38-თვიანი პატრულირების და კვლევის შედეგები უდევს.

“ამ ტერიტორიების ძებნის ჩვენი მეთოდოლოგია შემდეგია: ჩავდივართ კონკრეტულ სოფლებში და მოსახლეობას ვთხოვთ, მიგვიყვანონ იმ ზღვრამდე, სადამდეც მათ მისვლა შეუძლიათ და რომლის იქითაც შესვლას ვერ ბედავენ. ამიტომ დაერქვა ამ ზონებს “შიშის ზონები”. ეს ტერიტორია არასდროს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ეს არის ის ტერიტორია, რომელიც არც ერთი რუქით არ ემთხვევა ოკუპაციის ხაზს. საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს ამ მიწებს, საქართველოს მოქალაქეები ვერ გადაადგილდებიან საკუთარ ქვეყანაში. ეს ტერიტორია აღარ იღებს მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკაში, იქ აღარ ვრცელდება ქართული პოლიციის კონტროლი, არ მოქმედებს ქართული ფული და აღარ ისმის ქართული საუბარი. 35 მლნ კვ.მ, იგივე 3 500 ჰა რომ წარმოიდგინოთ, არის სოხუმი და ცხინვალი ერთად, ან 12 000 საფეხბურთო სტადიონი”, – განაცხადა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ და დასძინა, რომ წარმოდგენილი ანალიზი მხოლოდ შუალედურია, ანტისაოკუპაციო მოძრაობა კი ცნობების შეგროვებას აგრძელებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის აზრით, იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, საქართველოს ხელისუფლებას უნდა გადაედგა შემდეგი ნაბიჯები:

· გაეძლიერებინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა (შეღავათებით, ინვესტიციებით, პროგრამებით);

· გაეძლიერებინა სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი ოკუპანტების ყველანაირ გადაადგილებაზე და მოქმედებაზე (პატრულირებით, პოსტებით, ონლაინ მაუწყებლობით);

· მცოცავი ოკუპაცია ექცია ყველა საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარ საკითხად (მოპოვებული ინფორმაციით, მტკიცებულებებით, ვიდეომასალით, მკვეთრი განცხადებებით და მკაფიო მესიჯებით);

· მიეღწია რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებისთვის საქართველოს მცოცავი ოკუპაციის, გატაცებების და მკვლელობების გამო;

· განსაკუთრებული მიდგომით განევითარებინა ოკუპაციის მიმდებარე რეგიონი;

· დაეცვა თითოეული გატაცებულის უფლებები საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მეშვეობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S