
"არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მიღწევების დასადასტურებლად გადამწყვეტი იქნება, ევროკავშირის დახმარება რეფორმების პროგრესზეა დამოკიდებული"
16/09/2020 18:08:01 საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის მომხრე 552 დელეგატი იყო, ხოლო 61 – წინააღმდეგი.
ანგარიში მოიცავს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესრულების შეფასებას.
"მომხსენებელი აფასებს უმნიშვნელოვანესს სფეროებში მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორულ თანამშრომლობა. საერთო ჯამში, ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ასოცირების შეთანხმების შესრულება, რეფორმების განხორციელებისა და კანონმდებლობის მიღების კუთხით", – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, მნიშვნელოვანი პროგრესად არის მოხსენიებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და პოლიტიკური პარტიების მიერ, საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმება.
თუმცა პროგრესის გარდა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობა საქართველოში შეშფოთების საგნად რჩება:
„შეშფოთებას იწვევს სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობა საქართველოში, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებისა და ოპოზიციონერთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეების მთელის სერიის წამოწყების გამო, რაც გააჩინა შეშფოთება სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის მიმართ. საქართველომ უნდა შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, ისეთის, როგორიცაა ვენეციის კომისია და OSCE/ODIHR“.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს წინაშეა მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევებია:
„ამ გამოწვევებში იგულისხმება ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთში გაუარესებული სიტუაციაც, კიბერთავდასხმები, რომელიც რუსეთის აქტორებს უკავშირდება“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ "მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიული მიღწევების დასადასტურებლად და ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ საარჩევნო კამპანია სამართლიანი იქნება".
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან, მედიის მფლობელთა წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისგან და ასევე მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები უცხოური და შიდა აქტორების მიერ დეზინფორმაციის აღსაკვეთად".
ამასთან, "ევროპარლამენტი აცხადებს, რომ თანამშრომლობის გაძლიერება და ევროკავშირის დახმარება პირობითია და დამოკიდებულია რეფორმების პროგრესზე. კერძოდ, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე, ინსტიტუტებს შორის ძალაუფლების გადანაწილებასა და კონტროლზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და საარჩევნო რეფორმაზე".
ანგარიშის თანახმად, „ევროკავშირი რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მისი ხალხის ძირითადი უფლებების დაცვისთვის“.