"მათ დაგვამცირეს!": რუსეთი საქართველოსთან საფეხბურთო მატჩში მარცხით შოკირებულია
18/09/2020 12:18:05 პოლიტიკა
რუსეთში შოკირებულები არიან ევროპის ლიგის მეორე შესარჩევ რაუნდში მოსკოვის «დინამოს» მარცხით. ტიტულოვანი კლუბი 17 სექტემბერს საქართველოში თბილისის «ლოკომოტივთან» ანგარიშით 1-2 დამარცხა.
“მათ დაამცირეს «დინამო», - წერს ქართულ გუნდზე Sports.ru და იმასაც დასძენს, რომ “ლოკომოტივი” ობიექტურად, მესამე გუნდია თბილისისთვისაც კი - “დინამოს” და “საბურთალოს” შემდეგ”:
«ამ გუნდის შემადგენლობაში ხომ უმთავრესად ახალგაზრდობაა და ის მოთამაშეები, რომლებმაც “დინამოში” ადგილი ვერ დაიმკვიდრეს. გუნდის წევრთა საშუალო ასაკი 23 წელია», - ნათქვამია რუსული სპორტული გამოცემის სტატიაში.
“დინამო” ევროპის ლიგიდან გავარდა, წააგო რა ტურნირში დარჩენილთაგან ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდთან… სირცხვილია, უბრალოდ სამარცხვინოა!” - აღნიშნავს კიდევ ერთი რუსული სპორტული გამოცემა.
ამ თემაზე სხვა სტატიებში ასევე ვკითხულობთ, რომ «მოსკოვურმა გუნდმა ევროპის ლიგაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და როგორც ჩანს, უკეთესი იქნებოდა, ეს არ მომხდარიყო, რადგან შემაშფოთებელია იმის წარმოდგენაც კი, რა იქნება მომავალში ».
კიდევ ერთ რუსულ სტატიაში კი ყურადღება “დინამოს” და “ლოკომოტივის” მოთამაშეთა საბაზრო ღირებულებაზეა გამახვილებული:
«საიტ Transfermarkt-ზე შესვლამ გუშინდელი მარცხის გამო უხერხულობის გრძნობა კიდევ უფრო გაგვიმძაფრა: “დინამოს” შემადგენლობის ჯამური საბაზრო ღირებულება 15-ჯერ აღემატება თბილისის “ლოკომოტივისას”– 59.35 მლნ ევრო 3.83 მლნ ევროს წინააღმდეგ».
"დინამოს" საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ცნობილი მომღერალი ლევ ლეშჩენკო წერს, რომ "შოკირებულია" და რომ მომხდარი "უბრალოდ სამარცხვინოა":
"60 წელია, "დინამოს" ვგულშემატკივრობ და მსგავსი სირცხვილი არასოდეს მინახავს! თბილისის "ლოკომოტივი" ხომ სამოყვარულო გუნდია, სადაც მხოლოდ ბებრუხანები არიან თავმოყრილები!».
“სახტად დარჩა” რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრე მოსტოვოიც: «უბრალოდ არ მჯერა! ჩვენი გუნდი მრავალი წლის განმავლობაში პირველად გადის ევროთასზე, ბოლო პერიოდში ლამის 60 მილიონი დავხარჯეთ - და თბილისის “ლოკომოტივი”? … ბევრმა ამ გუნდის არსებობაც კი არ იცის!”.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იგორ ლებედევი კი რუსების მარცხის გამართლებას “პოლიტიკური მომენტებითა” და “მოედნის საშინელი მდგომარეობით” ცდილობს.
გამოცემა «Спорт-Экспресс» უახლოეს ხანებში “დინამოს” მწვრთნელის – კირილ ნოვიკოვის გადაყენებას პროგნოზირებს და წერს, რომ მის ადგილზე ყველაზე რეალური კანდიდატი “რუბინისა” და “როსტოვის” ყოფილი მწვრთნელი ყურბან ბერდიევია.
თავის მხირვ, Sports.ru აჯამებს, რომ რუსული კლუბები ქართულს ფლეი-ოფში ორჯერ შეჰხვედრიან და ორივეჯერ გავარდნენ. რუსებს ქართველები მხოლოდ "ინტერტოტო-1997"-ის თასის გათამაშებაში ჰყავთ დამარცხებულები. მაშინ "ტორპედომ" "მერანი-91" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.


