კომპანია „PHARMIN“: "სამედიცინო კანაფის კულტივაციას ვაწარმოებთ, ჩვენი ინვესტორი კი თემურ უგულავაა"

19-09-2020 20:01:06 პოლიტიკა

გაკვირვებული ვართ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში გასული ანონსის შინაარსით - ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს - ამის შესახებ განცხადებას კომპანია ,,PHARMIN“-ი ავრცელებს.

"გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ანონსის შინაარსით. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა",- აცხადებენ კომპანიაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,PHARMIN“-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა.

,,გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა. PHARMIN-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა. კომპანია ოპერირებს ურუგვაიში, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის დაცვით. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ PHARMIN-ის პროდუქცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა.

ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი სამხრეთ ამერიკაში კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და წარმოადგენს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით წარმოებული მრავალწლიანი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს. ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისევე, როგორც მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს არავითარი კავშირი არ აქვთ ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მფლობელი გახლავთ ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავა, რომელსაც არანაირი შეხება ჩვენს ფონდთან არ გააჩნია. რაც შეეხება „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ორი ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონი ანა ქობალიას და ბატონი ნიკა ბოლქვაძის ამ პროექტში მონაწილეობას, გვინდა, განვაცხადოთ, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც მუშაობდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, თუმცა 2019 წლის მარტის თვეში იგი საკუთარი სურვილით დატოვეს. არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ სად გააგრძელეს მათ საქმიანობა. ასევე არ ვფლობთ ინფორმაციას იმ ათეულობით თანამშრომლის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ 7 წლის წინ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში. ამის თაობაზე ჩვენ შესაბამისი განმარტება მივეცით “ტვ პირველს”, თუმცა ტელეკომპანია ჯიუტად ცდილობს, ამტკიცოს, თითქოს ფონდი ამ ან სხვა ინფორმაციას მალავს და არ ასაჯაროებს" - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

"აქცენტი" ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ დაფუძნებული "აჭარა ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდებიან. ამ დრომდე კომპანიაში საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები