COVID -19 იმერეთში: „ოქროს ბირჟის კლასტერი“ ფართოვდება, გაჩნდა ახალი კერებიც

21-09-2020 13:54:18 საზოგადოება ,რეგიონები

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება, თუმცა რეგიონში გაჩნდა ახალი კერებიც და ამ მიმართულებით ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

იმერეთში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევის პირველწყარო ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. მიუხედავად ამისა, შალამბერიძის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და კვლევები გრძელდება.

ბოლო ორ კვირაში იმერეთში კორონავირუსის 150-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. 21 სექტემბრის დილის მონაცემებით, იმერეთის კოვიდ-ცენტრებში 258 პაციენტი მკურნალობს. მათი ნაწილი სხვადასხვა რეგიონიდან გადმოიყვანეს.

ერთ-ერთი კოვიდ-ცენტრის, ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ პაციენტი იყო ოკუპირებული აფხაზეთიდან გადაყვანილი ქალი, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 21 სექტემბერს.

ცნობისთვის: 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 534 პირი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • აჭარა – 92
  • იმერეთი – 53
  • თბილისი – 31
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 8
  • მცხეთა–მთიანეთი – 1
  • გურია – 7
  • რაჭა–ლეჩხუმი – 1

ახალი ამბები

სხვა სიახლეები