NDI საპარლამენტო არჩევნების დისტანციურად დაკვირვებას იწყებს
21/09/2020 13:27:37 პოლიტიკა
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც NDI აღნიშნავს, პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, NDI-ს ანალიტიკოსების გუნდში გაერთიანებულია შვიდი ხანგრძლივვადიანი დამკვირვებელი და პროგრამის დირექტორი. ისინი შეისწავლიან არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე. თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინპლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას.
NDI-ს აცხადებს, რომ საერთაშორისო ხანგრძლივვადიანი დისტანციური სადამკვირვებლო მისია თავის მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად იმუშავებს.
პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით ხორციელდება.


