რას სთავაზობდა სააკაშვილი ოპოზიციას და რატომ ვერ შედგა შეთანხმება

23-09-2020 11:51:58 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას კოალიციის შექმნას და არჩევნებში ერთად მონაწილეობას სთავაზობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა,– ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში გუბაზ სანიკიძემ ისაუბრა.

„ოპოზიციური სპექტრი ერთი ორი გამონაკლისის გარდა, ამის [წინადადების] წინააღმდეგი წავიდა“,– აღნიშნა სანიკიძემ და დასძინა, „როდესაც ლაპარაკია, რომ სააკაშვილის ოპოზიციური გაერთიანების ჩამშლელი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.

ირკვევა, რომ სააკაშვილის სახელით მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი, ნიკა მელია და დავით კირკიტაძე ისხდნენ. „ევროპულ საქართველოს“ კი აკაკი ბობიხიძე და დავით ბაქრაძე წარმოადგენდნენ.

სააკაშვილის წინადადების მიხედვით, უნდა შექმნილიყო ერთიანი პროპორციული სია, საიდანაც პირველი 30 პირი ენმ–ის წევრი იქნებოდა, შემდეგი 20 კი – „ევროპული საქართველოსი“. ასევე შეთანხმება უნდა მომხდარიყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილში: 30 კანდიდატიდან 20 ენმ–ის მიერ დასახელდებოდა, 10 –ს „ევროპული საქართველო“ წარმოადგენდა.

გარდა ამისა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს დავით ბაქრაძე დაიკავებდა, წინასწარ არ დასახელდებოდა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი – ამის შესახებ ერთიანი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული; არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში კი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ასევე დავით ბაქრაძე იქნებოდა.

დავით კირკიტაძემ დაადასტურა, რომ დეტალებზე საუბარი ნამდვილად შედგა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგემლებს შორის

„სამწუხაროა, რომ „ევროპული საქართველო“ გიგა ბოკერიას გზას გაჰყვა და შეთანხმება არ შედგა“,– აღნიშნა კირკიტაძემ.

თემის კომენტირებისას აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ერთიანი ოპოზიციური სია არა მხოლოდ არარეალური, წამგებიანიცაა.

„მიხეილ სააკაშვილთან საუბარი არ ყოფილა: მიხეილ სააკაშვილი არ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობას. იყო „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებთან საუბარი, ხომ არ გვეფიქრა საერთო ოპოზიციურ სიაზე. საერთო ოპოზიციური სია დღეს მგონია არა მხოლოდ არარეალური, წამგებიანიც: ვერ წარმომიდგენია, ნინო ბურჯანაძის ამომრჩეველმა იმ ერთობას მისცეს ხმა, სადაც ჩვენ და ბურჯანაძე სიაში ერთად ვიქნებით, ან – ლეობირისტმა... თუ გვინდა, ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავისი მომხრეების ხმები მაქსიმალურად უნდა აიღოს და შემდეგ გაერთიანება პარლამენტში უნდა მოხდეს“,– განაცხადა აკაკი ბობიხიძემ.

დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ თანამდებობის შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა, საჯარო შეთავაზება ეხებოდა ერთიან სიას და მას პასუხი იმთავითვე გაეცა:

„ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, ქვეყანას აღარ სჭირდება ერთპარტიული მართვა და უნდა იყოს მრავალპარტიული მთავრობა. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ერთიანი სია და ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო მკაფიოდ უარყოფითი. რაც შეეხება თანამდებობების შემოთავაზებას, ეს არის პირდაპირ ტყუილი. არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არც ყოფილა და არც მივიღებდით, ვინაიდან ჩვენი ამოცანა არის არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა 4 მილიონი ქართველისთვის, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ ჩვენს გუნდშიც კი არ ვასახელებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რადგან ჩვენი პოლიტიკა მორგებულია არა პიროვნებებზე, არამედ ხალხზე. ამიტომ გამორიცხულია, არ და ვერ გვექნებოდა ასეთი ტიპის მოლაპარაკება "ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ბაქრაძე თემის წამოწევას მთავარი საკითხების გადაფარვის მცდელობას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი მხოლოდ თბილისის ხუთ მაჟორიტარულ ოლქში ჰყავს: ვაკე - ელენე ხოშტარია; მთაწმინდა - შალვა შავგულიძე; გლდანი - ნიკა მელია; სამგორი - ლევან ხაბეიშვილი; ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი. შეთანხმება შედგა ისანში გიორგი ვაშაძის კანდიდატურისადმი მხარდაჭერაზე, თუმცა ენმ–ისა და ვაშაძეს შორის პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ ენმ–მ საკუთარი კანდიდატი წარადგინა.

ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს „მეტი პროპორციული“ სისტემით გაიმართება: 120 დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით შევა, ხოლო 30 მაჟორიტარი იქნება.

განახლება

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილის შეთავაზება კვლავ ორპოლუსიანობის შენარჩუნების შეთავაზება იყო.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ისევ ორპოლუსიანობა იყო.

„საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი. მაჟორიტარებისა და რეგიონის გადასაფარად რაღაც ხრიკი იხმარეს. ჯერ კიდევ მაშინ, საჯაროდ შემოგვთავაზა სააკაშვილმა ისევ ორპოლუსიანობა, რომ თურმე ერთიანი სია უნდა შევქმნათ და ჩვენ ეს საჯაროდ ​უარვყავით, რადგან ეს პოლიტიკა უნდა დავამთავროთ, რასაც სააკაშვილი და ივანიშვილი წარმოადგენენ. პროპორციული არჩევნებისთვის იმიტომ იბრძოდა საზოგადოება, მათ შორის „ევროპული საქართველო“, რომ ყველა ამომრჩეველს ჰქონოდა თავისი არჩევანის შესაძლებლობა. გონივრული იყო რეგიონებში მაჟორიტარების შეთანხმება, ისევე, როგორც თბილისში, რაც ჩაშალა სააკაშვილმა, ოღონდ საჯაროდ მოხდა ეს ყველაფერი. ჩემთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო სააკაშვილთან ერთიან პოლიტიკურ ძალაში გაერთიანება და მისი პრემიერობა. ყველაფერი სააკაშვილმა ჩაშალა თავისი ამბიციების და უკან ყურების გამო, ამიტომ ჩვენ დღევანდელი მძიმე რეალობა უნდა შევცვალოთ“, – დასძინა გიგა ბოკერიამ.

თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა, რომ საერთო სიის დაკომპლექტება „ევროპულ საქართველოს“ ცალკე შესთავაზეს, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი მიიღო.

"მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია და აერჩია პრემიერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე.

მეორე იყო ჩვენი შეთავაზება ევროპულ საქართველოსთან, რომ საწყისებზე თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც მათ მიერ იქნა უარყოფილი. ახლა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად", - აცხადებს სააკაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები