საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი – 25–ე პაციენტი გარდაიცვალა

23-09-2020 11:57:54 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი – 25–ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა. ამრიგად, პანდემიის პერიოდში ახალი ტიპის ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა საქართველოში 25–მდე გაიზარდა.

ცნობისთვის: 23 სექტემბერს ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა: დილის 08:00 საათზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა საქართველოს 70 წლის მოქალაქე. როგორც კლინიკის ნოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, პაციენტს მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა და კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით 18 აგვისტოს შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19 227 პირს დაუდასტურდა, 69 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4140 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1643 პირი განიკურნა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 227 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5255 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 563 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

განახლება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის კაცია, რომელიც გუშინ გვიან ღამით ცხელების ცენტრში სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების დიაგნოზით შეიყვანეს.

მათი ცნობით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

"პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19", - აღნიშნავენ სამინისტროში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები