გახარია რიგი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს

24-09-2020 10:29:43 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ლოკალური შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური შეზღუდვები ვერ დაწესდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება, არჩევნები.

პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით სუსტია და ექვს თვეში მისი რადიკალური ცვლილების ილუზია არ უნდა გვქონდეს.

რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას და ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა ადაპტაციის და მართვის ეტაპზეა, თავად შემთხვევების ზრდა კი მოსალოდნელი იყო მობილობის ზრდის გათვალისწინებით.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს მთავარი რეკომენდაციების: პირბადის ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვისკენ.

„ადაპტაციის და მართვის ეტაპზე მაქსიმალურად დისციპლინირებულები უნდა ვიყოთ, რომ მოვიგოთ დრო, სანამ გლობალურად, მსოფლიოში ვაქცია შეიქმნება. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო ვირუსს დაამარცხებს.

როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამოხადების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავითვალისწინეთ ქვეყნის რესურსული და ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოწვევას საკმად კარგად გაუმკლავდა და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა. უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მკაცრი წესებით და დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ელემენტარული წესების დაცვით – პირბადით, დიატანციით, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება, იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით, ვერ იქნება შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება, ან თუნდაც, პოლიტიკური – საარჩევნო პროცესი“,– განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები