ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმების გადახედვა გამოიწვიოს

24-09-2020 13:42:38 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმების გადახედვა გამოიწვიოს.

"გასულ წელს ადგილი ჰქონდა ინციდენტებს დავით გარეჯში. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ერთობლივი კომისიის ფარგლებში. განახლდა თავად კომისიის შემადგენლობაც. პანდემიის გამო კომისიის შეხვედრები შეფერხდა, თუმცა, მისი მუშაობა არ შეჩერებულა. ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო. ვიმედოვნებ, გვექნება პროგრესი. კომისიამ ეს საკითხი ორმხრივად უნდა გადაწყვიტოს, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ამ საკითხზე ორივე მხარეს კონსტრუქციული მიდგომა აქვს",- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა.

დავით გარეჯთან ვითარება არაერთხელ დაიძაბა 2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. ქართველმა სასულიერო და სამოქალაქო პირებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები