ოფიციალური თბილისი საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

24-09-2020 16:10:31 საგარეო პოლიტიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხებზე, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.

“მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე. დადასტურდა ორი ქვეყნის დაინტერესება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების თაობაზე და ხაზი გაესვა კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში დაბრუნების აუცილებლობას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის შორის მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას:

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა წარიმართოს სარკინიგზო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნების ტრანზიტული პოტენციალის გაუმჯობესებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე”.

ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ასევე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი:

“გამოიხატა მწუხარება, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო კომისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და სამუშაოები ვერ ჩატარდა. გამოითხვა ორივე მხარის დაინტერესება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობის აქტიურ გაგრძელებასა და საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით გადაწყვეტაზე”.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მხარეებმა კულტურულ ასპექტებზეც ისაუბრეს:

„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, შევაფასეთ, თუ რა იყო დღემდე, როგორ მოვედით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. მაგალითად 2019 წელს, სექტემბერში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახლადაშენებული შენობა და მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის მხარდაჭერით. სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი და დღეს იქ 160 მოსწავლეზე მეტი იღებს განათლებას, ეს არის სწორედ გამოძახილი ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიაში ჩატარებული წირვა-ლოცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოსთან კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, თავის მხრივ საქართველო ზრუნავს აზერბაიჯანული კულტურის, ენის და თვითმყოფადობის გაძლიერებასა და განვითარებაზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედებს აზერბაიჯანული სკოლები, კულტურისა და განათლების ცენტრები, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურისა და განათლების სამინისტროები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

„გასული წლის ოქტომბერში, ბოლო 120 წლის განმავლობაში, პირველად ჩატარდა საზეიმო წირვა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიაში. აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი დიდი ყურადღებით ეპყრობიან ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები საქართველოსთან კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარებას. ჩვენი მხრიდანაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, იგივე აზერბაიჯანული ენის სწავლების თვალსაზრისით საქართველოში, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში და საგანმანათლებლო ცენტრებში, არის სურვილი გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას ჰეიდარ ალიევის სახელობის თეატრთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარეობს. პოლიტიკური ნება არსებობს და ჩვენ ხელს არაფერი შეგვიშლის დავსახოთ ახალი პროექტები, ახალი მიზნები და წარმატებით მივაღწიოთ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს„ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელი მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახაბერ კუჭავასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები