Accentnews.ge
კელი დეგნანი: "ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე"

კელი დეგნანი: "ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე"

25/09/2020 08:22:21 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზეც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს დააზიანებს.

"გუშინ წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც საუბრობდა დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე. ეს ისეთი ქმედებაა, რაც აუცილებლად დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს. კარგია, რომ საქართველოში იმყოფებიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და შესაბამისად ახდენენ ანალიზს. ასევე, საელჩოს მხრიდან გვეყოლება ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ დამკვირვებელთა ძალისხმევას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი", - განაცხადა დეგნანმა.

მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ ქვეყანაში სრულყოფილი არჩევნების ჩატარებას.

"ჩვენ ვიცით, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ჩაატარა და გაირკვა, რომ იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, რაც ომბუდსმენის ანგარიშში იყო აღნიშნული, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობნენ. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ თავი შეიკავოს ასეთი ტიპის ქმედებისგან და ხელი შეუწყოს სამართლიანი და კარგი არჩევნების ჩატარებას. გთხოვთ, რომ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის გააკეთოთ", - განაცხადა დეგნანმა.

შს მინისტრი კი ირწმუნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ყველა უკანონო ქმედებაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.

„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ არჩევნებს, რომლის მიმდინარეობისას არ ყოფილა განცხადებები, რომ თითქოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება თავდასხმა, არ იძიებს პოლიცია დანაშაულებებს, ამაში ჩართულია მმართველი ძალა და ასე შემდეგ - ამ ტიპის განცხადებები ყოველი არჩევნების დროს კეთდება. მე ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება და არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ყველა საქმეზე ხდება რეაგირება და სამართლებრივად როგორ შეაფასებს სასამართლო, აქედან გამომდინარე ხდება დამნაშავეთა დასჯა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში თუ რაც დასჭირდება არჩევნებს ყველა საქმეზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გარდა ამისა, შს მინისტრი აღნიშნავს, რომ პარტიების წევრების მიმართ განხორციელებულ შანტაჟის საქმის გამოძიებაში პროკურატურაც ჩართულია.

„ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ დავიბარეთ არ გამოვკითხეთ. ეს არ არის მარტივი თემა, როდესაც პარტიების წევრებს აშანტაჟებენ და ამიტომ ჩვენთან ერთად ჩართულია პროკურატურა და მაქსიმალურად გვინდა, რომ გამოვავლინოთ ეს თემა“, - განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S