Accentnews.ge
ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

29/09/2020 05:29:27 კავკასია

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხურმა დანაყოფებმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების იერიში და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას და ტექნიკას მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.

თავდაცვის უწყების პრეს–სპიკერ შუშან სტეპანიანის განცხადებით, სამხრეთის მიმართულებით განადგურებულია აზერბაიჯანის ჯავშანტექნიკის ჯგუფი.

28 სექტემბერს საღამოს ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ "მათი მიზანია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და საბრძოლო ტექნიკის დანაკარგი იყოს ისეთივე, როგორიც 1992-1994 წლებში".

"ამ ეტაპზე სხვა ვარიანტი არ არსებობს, რადგან პოლიტიკური კომპრომისის და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას ჯერ–ჯერობით ვერ ვხედავთ. ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ", – აცხადებს არუთუნიანი.

სომხური მხარის ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს შეტაკებების დროს 84 სომეხი სამხედრო დაიღუპა.

დაძაბული ბრძოლების შესახებ იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მასზე დაყრდნობით სააგენტო „ტრენდი“ დღეს დილით წერს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში არაერთხელ სცადეს კონტრშეტევა ფიზული-ჯებრაილის და აგდერი-ტერტერის მიმართულებებით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად, თუმცა, აზერბაიჯანის არმიამ წარმატებული თავდაცვით ყველა მცდელობა დაუყოვნებლივ აღკვეთა. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ავიაციის საშუალებებით განადგურებულია მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის და ავტომაქანების კოლონა და საარტილერიო დანადგარები.

დღეს დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანხმად, "სომხეთის ვარდენისის რაიონიდან არტილერიის გამოყენებით დაცხრილეს აზერბაიჯანის დაშკესანის რაიონი".

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

იხილეთ ასევე: რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში

განახლება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანული ძალები ქალაქ ფიზულის დასაკავებლად შეტევას ახორციელებენ.

„დილის 07:00-დან 08:00 საათამდე სომხეთის ჯარების კიდევ ოთხი ტანკი გაანადგურეს ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ფრონტის ფიზული-ჯებრაილის მიმართულებაზე. ამჟამად საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ მოწინააღმდეგე მხარე მორიგი თავდასხმისთვის ემზადება.

„მოწინააღმდეგემ ძლიერი საარტილერიო მომზადება დაიწყო, ის მორიგი თავდასხმისთვის ემზადება“, – წერს სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S