
თურნავა – „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაზე: "შეფასებებში არ ვიჩქაროთ"
24/06/2019 17:54:11 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცახდებით, რუსეთი მოცულობითი ბაზარია, მაგრამ შეფასებებში არ უნდა ვიჩქაროთ. ასე ეხმიანება მინისტრი "როსპოტრებნადზორის" მიერ ქართულ ღვინოზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
„მე არ ვიჩქარებდი, თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ ვიჩქაროთ. დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის და მოდით, შეფასებებში არ ვიჩქაროთ. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა მათ შორის ბიზნესისთვისაც. რუსეთი კვლავაც არის მოცულობითი ბაზარი, მაგრამ მე არ მინდა ვიჩქარო არ მიმართულებით. ნუ ვიჩქარებთ, არ დავაზარალოთ სიჩქარით ჩვენი ბიზნესის ინტერესები",-აცხადებს ნათია თურნავა.
ცნობისთვის: "როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა.