ზალკალიანი - გარეჯზე: "გამორიცხული არ არის, 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით გაჩნდეს გარკვეული კითხვები"

30-09-2020 21:18:20 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიების დაწყების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "არ არის გამორიცხული, 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით გაჩნდეს გარკვეული კითხვები".

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც.

"მოძიებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები. მე პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მივიღეთ დეზინფორმაციის ნიაღვარი ოპოზიციური პარტიების მხრიდან პირადად ჩემს მიმართ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან მე ვმოქმედებდი როგორც სახელმწიფო მოხელე, ჩვენის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ეს გამოიყენეს თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და მოახდინეს ამ ძალიან დელიკატური, მნიშვნელოვანი პროცესის პოლიტიზება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები