საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს
01/10/2020 10:07:57 სამართალი
საგამოძიებო უწყება საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკას ატარებს.
„ჩემი სამსახურის ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს, არ უთქვამთ, რას ეძებენ“, – აცხადებს მელაშვილი.
ივერი მელაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრი 2006-2017 წლებში იყო.
ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიების დაწყების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "არ არის გამორიცხული, 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით გაჩნდეს გარკვეული კითხვები".


