
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე: "ჯეიჰუნი არ უცემიათ, ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემია"
01/10/2020 10:42:08 საშინაო პოლიტიკა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი არ უცემიათ, ის ასფალტზე "წამოწვა" და სიმულირებდა, თითქოს ნაცემი იყო:
"ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მე არ დამინახავს, არ მომხდარა არანაირი ცემის ფაქტი. ჩემი თვალით დავინახე - ჯეიჰუნი გადახტა ღობეზე და წამოწვა ასფალზე, ვითომ ნაცემია. ეგ არის უნამუსო ადამიანი. სიმულირებდა, ვითომ ნაცემები იყვნენ, დაწვნენ და იღებდნენ კამერები. მე არ დამინახავს არსად, რომ ის სცემეს. ბევრს შეუძლია ხელები გადაიხვიოს, მაგრამ ცემის კადრები არ არსებობს", - აცხადებს ამირან გიორგაძე.
29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.