LA NACION – საქართველოზე: "ქვეყანა, რომელმაც პანდემიის დროს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უცხოელებისთვის გრძელვადიანი სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო"
01/10/2020 11:38:44 პოლიტიკა
არგენტინული გამოცემა LA NACION საქართველოს შესახებ სატატიას აქვეყნებს სათაურით "ეგზოტიკური დანიშნულების ადგილი: ქვეყანა, რომელმაც უცხოელების მოსაზიდად სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო".
გთავაზობთ სტატიის არაოფიციალურ თარგმანს:
"კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან. ე.წ.“home-office”-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იძლევა მუშაობის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სწორედ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველომ გახსნა საზღვრები იმ უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოდან გააგრძელონ სამსახურებრივი პასუხისმგებლობების განხორციელება.
საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის. ქვეყნის დედაქალაქი - თბილისი ტურიზმის შემცირების შედეგად მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს განიცდის, შესაბამისად ხსენებული პროექტით, შიდა მოხმარების გააქტიურების მიზნით, საქართველო ხსნის საზღვრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დასაქმებული უცხოელებისთვის, თუმცა პროექტი ითვალისწინებს მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
პატარა ქვეყანა ცდილობს მოიზიდოს ის უცხოელები, ვისაც საკუთარი სახლის ოთხი კედლის დატოვება სურს, რათა "ახალი ოფისი" შუასაუკუნეების ციხესიმაგრეებისა და საქართველოს მთების გარემოცვაში ჰქონდეს.
პროგრამას ჰქვია "იმუშავე საქართველოდან" (Remotely from Georgia) და წარმოადგენს ეკონომიკის გახსნის იმ გეგმის ნაწილს, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა. არგენტინა შედის იმ 95 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ეძლევათ საშუალება შეიტანონ განაცხადი ამ ქვეყანაში დროებით საცხოვრებლად გადასვლის მიზნით.
რა მოთხოვნებია გათვალისწინებული?
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე შესაძლებელია გაეცნოთ იმ მოთხოვნების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამაში მონაწილეობის მსურველი {აქვე მითითებულია საინფორმაციო სააგენტოს agenda.ge სტატია }. ძირითადად, განმცხადებელს უნდა ჰქონდეს ცნობა დამსაქმებლისგან, უცხოეთში სულ მცირე ექვსი თვით მოქმედი სამედიცინო დაზღვევა და კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი.
გათვალისწინებულ უნდა იქნას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ფინანსური სახსრების დასაბუთებისთვის, საქართველოში შესაბამისი ცხოვრების სტილის შენარჩუნების მიზნით განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მინიმალური ხელფასი 2000 აშშ დოლარის ოდენობით (ოფიციალური გაცვლითი კურსით დაახლოებით შეადგენს 150,000 პესოს).
განაცხადის შევსების შემდეგ, თუ უცხოელი მიიღებს ქვეყანაში სამუშაოდ შესვლის ნებართვას, უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი სასტუმროში და იზოლაციის შემდეგ ჩაიტაროს PCR ტესტი, Covid-19 გამორიცხვის მიზნით.
”საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აქვს და ჩვენი სურვილია გამოვიყენოთ ეს უპირატესობა. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრის გახსნაზე ისეთი ფორმით, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას, მეორეს მხრივ კი ქვეყანაში მოიზიდავს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით", - განაცხადა თურნავამ.
95 ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება განაცხადის შეტანა, იმ პირობით თუ ისინი საქართველოში მინიმუმ 180 დღის განმავლობაში აპირებენ დარჩენას. ამასთან, შესაძლებლობა ეძლევათ როგორ ე.წ. freelancer-ებს, ასევე დაქირავებულ მუშაკებსა და ბიზნესის მფლობელებს, რომლებსაც შეეძლებათ ქვეყანაში დარჩნენ უვიზოდ, მხოლოდ პასპორტით".


