"განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხისა და ქვეყნის 8 წლიანი წინსვლის სულისჩამდგმელს ბიძინა ივანიშვილს"
01/10/2020 16:10:18 პოლიტიკა
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,"ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში".
ამის შესახებ მან 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს 1 ოქტომბერია. ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში. ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უამრავი შემოქმედი ჰყავს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ფასად დაუპირისპირდნენ ბოროტებასა და სიცრუეზე აგებულ ავტორიტარულ რეჟიმს და მოიტანეს მთავარი, რაც იყო აუცილებელი ჩვენი სამშობლოს ცივილიზებულ სამყაროში, ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისთვის - დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური სოლიდარობა. დღეს გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ავტორიტარიზმის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებასა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრებაში. განსაკუთრებული მადლობა კი, რაღა თქმა უნდა, ეკუთვნის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის და ქვეყნის რვა წლიანი წინსვლის სულისჩამდგმელსა და მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს" - განაცხადა კობახიძემ.


