ივანიშვილმა საკუთარი სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ენმ–ს და რვა წლის წინანდელ „ცხრა წელს“ დაუთმო
01/10/2020 16:30:30 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე კვლავ რვა წლის წინანდელ ცხრა წელზე ისაუბრა. კერძოდ, მისი სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი ენმ–ისა და „ქართული ოცნების“ მმართველობის წლების შედარებას ეძღვნებოდა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სადღეისოდ ხელისუფლება ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობს, თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ცდილობს, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ ადამიანზე, რომლებმაც ენმ–ის ხელისუფლება 2012 წელს დაამარცხეს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ენმ–ის მმართველობის დროს გაუქმებული იყო მართლმსაჯულება; ოპოზიცია ტერორის ქვეშ იმყოფებოდა; ადვოკატის პროფესია გაუქმებული იყო; „ერთი კაცის ვნებების შესაამისად ნაწილდებოდა საბიუჯეტო სახსრები“; ხორციელდებოდა პირადი ცხოვრებით შანტაჟი; მცირე „ჯგუფის ხელში“ იყო ეკონომიკის ყველა სექტორი; ხალხისთვის მოპარული ფული საზღვარგარეთ, ბანკებში ინახებოდა და „ამ დანაშაულებრივი სახსრებით ფინანსდება დღეს მათი პოლიტიკური აქტიურობა“.
ივანიშვილმა საკუთარ სიტყვაში ახსენა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და აღნიშნა, რომ ხელისუფლების გაუაზრებელი მოქმედებების შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 20% დაიკარგა, ხოლო ალიანსში ინტეგრაცია გართულდა.
ამასთან, ივანიშვილმა „გავრილოვის ღამის“ მოვლენების კონტექსტში აღნიშნა, რომ „ხელისუფლებამ უნებლიე შეცდომა დაუშვა“, რამაც ახალგაზრდები ააღელვა. სავარაუდოდ, ივანიშვილმა იგულისხმა რუსი დეპუტატის პარლამენტში ვიზიტი. ამასთან, ივანიშვილმა თქვა, რომ „გავრილოვის ღამეს“ იყო გადაცდომები.
მისივე თქმით, ენმ 2012 წლის შემდეგ რევანშზე ფიქრობს, ცდილობს, „ქართული ოცნება“ უნიათოდ წარმოაჩინოს, მოქალაქეებს „მორალურ ტერორს“ უწობს და შიშს სთესავს.
„ქართული ოცნება“ მოზიდულ სახსრებს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით არ ფლანგავს“,– ირწმუნება ივანიშვილი და დასძენს, რომ „ქართველი ხალხი წინ იყურება, არჩევანს წარსულის სასარგებლოდ არასდროს გაუკეთებია“.


