"ჩვენ რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება"
01/10/2020 17:26:50 პოლიტიკა
"ჩვენ, რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება - 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 700 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი რიცხვია" - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ერთიანობით, თავდაუზოგავი და პატიოსანი შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ პრობლემასაც წარმატებით დავძლევთ.
სწორედ ამ მიზნებს და ამოცანებს ემსახურება პარტიის საარჩევნო პროგრამა, რომელიც დღეს უნდა წარმოგიდგინონ ჩვენი გუნდის წევრებმა.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, პროგრამა შედარებით მოკლედ, თეზისურად იქნება წარმოდგენილი, თუმცა, დაგეგმილი გვაქვს, რომ კამპანიის დროს, რამდენიმე სპეციალური პრეზენტაცია კიდევ გავმართოთ, მათ შორის რეგიონებში და თემების მიხედვით, დეტალურად ვესაუბროთ ამომრჩეველს ჩვენს პროგრამაზე, რათა სათქმელიც გასაგებად ვუთხრათ, და თითოეულ სიტყვასა და დაპირებაზე ჯეროვანი პასუხისმგებლობაც ავიღოთ.
განვითარება და წინსვლა ქართველი კაცის ხასიათშია. ისტორიულად, ის ყოველთვის იყურებოდა წინ, და არასოდეს არჩევანი წარსულის სასარგებლოდ არ გაუკეთებია. ამიტომაც, მჯერა, ჩვენი ხალხი თავის არჩევანს იმ ძალის სასარგებლოდ გააკეთებს, რომელსაც სწორი გზით წინ მიჰყავს ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი შეინარჩუნოს მშვიდობა და საკუთარ მოქალაქეებს სტაბილური გარემო შეუქმნას წინსვლისა და წარმატებისთვის" - განაცხადა ივანიშვილმა.


