„პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს
01/10/2020 17:42:18 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის ოპონენტები პროპაგანდით ცდილობენ საზოგადოებაში შიშის დათესვას, თუმცა, ივანიშვილისვე თქმით, „პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს“.
საკუთარი სიტყვების დასტურად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ რამდენიმე სტატისტიკა მოიყვანა:
„2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში: ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა; თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი; 160 %-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი; 70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი; 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი; 25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი; 8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.
ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ეფექტიანობით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ ადგილს იკავებს.
იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო, საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი, მე-14 პოზიციას იკავებს მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით“,– განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველო ე.წ. „შავ სიაში“ ჰყავდათ შეყვანილი და მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარების პროცესი, სადაც დაცულია ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სადაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეები არ იდევნებიან. დღეს ამ სახელმწიფოთა 90 პროცენტი, საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარებს“.
„„ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, - დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს.
სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯანდაცვაზე, სოციალურ მხარდაჭერაზე, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ჯერადობით მეტ სახსრებს მიმართავს, ვიდრე ოდესმე დახარჯულა: რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჯანდაცვაზე სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში - 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი ანუ 3-ჯერ მეტი.
ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. ასევე გაიზარდა და პრაქტიკულად გაორმაგდა მოსახლეობის სოციალური დახმარებები. ბოლო შვიდ წელიწადში, სოციალურ დახმარებებზე მიმართულია 2 მილიარდ ლარზე მეტი მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 820 მილიონი ლარი იყო დახარჯული. გაორმაგებულია პენსიაც, და ზრდა მოხდება ყოველწლიურად“.
ივანიშვილმა სოფლის მეურნეობაზეც გაამახვილა ყურადღება:
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო. წინა ხელისუფლებამ კი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, ქართული სოფლისთვის ოთხჯერ ნაკლები, მხოლოდ 650 მილიონი ლარი გაიმეტა.
ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ სოფლის მეურნეობისთვის გაწეული ხარჯები წყალში გადაყრილი ფულია. ამასობაში, რეალობა სულ სხვაა - სოფლები წელში იმართება, გლეხები ფერმერებად იქცნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება სოფელს და თვალსაჩინოა გამოცოცხლების პროცესი - სამჯერ და მეტადაც არის გაზრდილი შედეგები სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგში.
2012 წლამდე, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული, ვენახების საერთო ფართობი 35 ათას ჰექტარს შეადგენდა.
2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი პოლიტიკის, დარგის მხარდაჭერისა და სისტემური რეფორმების შედეგად, მხოლოდ უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, ვენახების ფართობი 20 ათასი ჰექტარით გაიზარდა და 55 ათას ჰექტარს მიაღწია.
2012 წლამდე ყურძნის მოსავალი წლიურად 50-55 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი ექვსჯერ გაიზარდა და 300 ათას ტონას მიაღწია.
შესაბამისად, ჯერადობით გაიზარდა მევენახეების შემოსავლები, რაც ასევე ასახულია კონკრეტულ ციფრებში - მევენახეებმა, 2013 წლიდან დღემდე, ყურძნის რეალიზაციით, 1 მილიარდ 400 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს.
სხვათა შორის, რთველი ჯერ არ დასრულებულა და ყველა პროგნოზით, ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება“.
ივანიშვილმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც:
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ასეულობით მილიონი ლარი მოხმარდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, რამაც ჯამში 3 300 კილომეტრზე მეტი შეადგინა.
საუკეთესო შედეგები გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წყალმომარაგებისა თუ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიმართულებით. 2021 წელს, ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რაც ევროპის მასშტაბითაც კი ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენ მიერ 8 წლის მანძილზე გაწეული ხარჯი, 6 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს და ორჯერ აღემატება წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდში გაწეულ ხარჯს.
წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე, 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით. შედეგად, 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს ანუ ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტს ვაკეთებთ.
კარგად დაუკვირდით ამ რიცხვებს - საქმე მხოლოდ ინვესტიციის მასშტაბებში და დაგებული გზების რაოდენობაში როდია. პროგრესი აქ იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც საჭიროებს, მაგრამ ელემენტარული არითმეტიკა იმასაც ხომ ცხადყოფს, რომ როცა ბიუჯეტის ნახევრით, მხოლოდ იმის მესამედ საქმეს აკეთებ, რაც შესაძლებელი ყოფილა, დანარჩენი ფული უბრალოდ მოპარულია.
არავისთვის უცხო არ არის, რომ სწორედ ინფრაქტრუქტურული პროექტების მილიარდიანი ბიუჯეტები წარმოადგენდა რეჟიმის მიერ შექმნილი ელიტარული კორუფციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს.
ეს რომ ლიტონი სიტყვები ან სუბიექტური შეფასება არ არის, ამას შესაბამისი საერთაშორისო რეიტინგებიც ცხადყოფს. კერძოდ:
მსოფლიო ბანკის მიერ, 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევაში, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, საქართველო, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 62-ე ადგილზე იყო, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ იმავე წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ 2011 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლოში 64-ე პოზიცია გვეკავა;
2012 წელს, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, „კორუფციისგან თავისუფლების“ მიხედვით, (რომელიც მოგვიანებით „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსად გარდაიქმნა), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებდა.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, და დღეს, საქართველო ამავე რეიტინგებში, „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ მსოფლიოში 31-ე პოზიციაზეა, „კორუფციის კონტროლით“, მსოფლიო ბანკის წევრთა შორის, 41-ე ადგილზეა, თანაც, ამ ორივე ინდიკატორით, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს კიდეც ევროკავშირის 13 სახელმწიფოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა. იმავდროულად, 2020 წლის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 პოზიციაზეა.
სულ ორიოდ დღის წინ, 29 სექტემბერს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით, საქართველომ „მმართველობის ეფექტიანობით“ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ევროკავშირის წევრ 8 ქვეყანას გადაასწრო“,– განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ყველაფერი ამის არდანახვა მხოლოდ ბრმას ან მხოლოდ მოძალადე რეჟიმს შეუძლია“.


