„ქართულ ოცნებამდე“ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი და სისხლისღვრა"
01/10/2020 17:50:24 პოლიტიკა
მმართველი გუნდის წარმატებებზე საუბრისას „ქართული ოცნების თავმჯდომარემ“ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებამდე“ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი და სისხლისღვრა“.
„უდავო ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს არ ახსოვს სტაბილურობის და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების ესოდენ ხანგრძლივი პერიოდი. „ქართულ ოცნებამდე“ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი და სისხლისღვრა. გადავხედოთ ჩვენს ისტორიას, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე - სამხედრო გადატრიალება, რასაც ეროვნული ხელისუფლების დამხობა, პირველი პრეზიდენტის მკვლელობა და სამოქალაქო ომი მოჰყვა; შემდგომ კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტების პირველი ფაზა, მარცხი და ასობით ათასი დევნილი მოსახლეობა; კრიმინალური ბანდების თარეში და პრაქტიკულად გაუქმებული, დისფუნქციური სახელმწიფო, განადგურებული, ნულზე დაყვანილი ეკონომიკა და სრულიად მოშლილი სოციალური ინფრასტრუქტურა; შემდეგ - სტაგნაცია, კორუფციული ჭაობი, უძრაობა და როგორც შედეგი, ხელისუფლების კვლავ არაკონსტიტუციური, რევოლუციური გზით ცვლილება; პირველი იმედები, გამოცოცხლება და ისევ ომი, ოკუპაცია, ადამიანური მსხვერპლი, დევნილი მოსახლეობის ახალი ნაკადი და მძიმე ეკონომიკური კრიზისი.
უმძიმესი მემკვიდრეობის, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების, და რყევების მიუხედავად, ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ხანგრძლივად მოვახერხეთ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა წარმოადგენს ქვეყნის გაძლიერების, დემოკრატიული განვითარების და შეუქცევადი წინსვლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს.
იმავდროულად, ჩვენ ვახერხებთ გვეჭიროს პრინციპული და ღირსეული პოზიცია, როდესაც საქმე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, იქნება ეს ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა თუ ჩვენი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია.
ოკუპაციის ურთულეს პირობებშიც კი, როდესაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჩვენი მოქალაქეები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან, ჩვენი რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით, ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რასაც გვიწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით, 2020 წლის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო 2020 წლის „სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა და ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე გავიდა.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ავტორიტეტული სარეიტინგო ინსტიტუტების ესოდენ მაღალი შეფასებები გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ მიერ არჩეული პოლიტიკა, ამ მიმართულებითაც უალტერნატივოა",– განაცხადა ივანიშვილმა "ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე.


