კელი დეგნანი: "ყველა პარტიის ლიდერი მკაფიოდ უნდა აცხადებდეს, რომ ძალადობა მიუღებელია"
02/10/2020 09:28:17 პოლიტიკა
თითოეულმა პარტიამ მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მარნეულის ინციდენტებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთი შემთხვევები, რაც მარნეულში მოხდა, ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.
„სამწუხაროა, როდესაც გვესმის ასეთი ინციდენტების შესახებ. მე მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ აღნიშნული შემთხვევების მონიტორინგს, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს. ასევე, შს სამინისტრო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამასთან დაკავშირებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ასეთი სახის მოქმედება და ნებისმიერი სახის ძალადობა, მიუღებელია და რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთი ტიპის შემთხვევები აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ყველა პარტიის წარმომადგენელმა თუ ლიდერმა მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, ვინც არ უნდა იყოს ამ ინციდენტების უკან, რომ ძალადობა თუ დაშინება უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
რამდენიმე დღის წინ მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც.


