
ერევანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა
02/10/2020 10:12:27 კავკასია
ერევანი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ეუთო–ს მინსკის ჯგუფის მონაწილეობით, 1994-1995 წლების შეთანხმებების საფუძველზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა,– ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ამასთან, სომხეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ „აზერბაიჯანის მხარის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობა“ დაგმო.
„ერევანი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს, მაგრამ მტკიცედ მოიგერიებს აზერბაიჯანის აგრესიას“,– აღნიშნულია განცხადებაში.
ბაქოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია. 30 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებათა უშედეგობაზე ისაუბრა და ცალკეული ქვეყნების მოწოდებებს დიალოგისკენ აზრს მოკლებული უწოდა.
27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.