
აპატურაი: "ვიმედოვნებ, საქართველოში პოლიტიკური კულტურა განვითარდება"
02/10/2020 11:18:48 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ციტატა
ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაზე ამახვილებს ყურადღებას და იმედოვნებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა განვითარდება.
"მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის უპირველესი მნიშვნელობისაა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ამასთან, ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში განვითარდება პოლიტიკური კულტურა, ოპოზიცია და მთავრობა ერთად უფრო კონსტრუქციულად იმუშავებენ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ფართო კონსენსუსია ნატო–სა და ევროკავშირის წევრობისთვის რეფორმების გატარების თაობაზე, ვფიქრობ, ოპოზიციასა და მთავრობას შორის კონსტრუქციული ურთიერთობების კარგი საფუძველი არსებობს", – განუცხადა "აქცენტს" აპატურაიმ.
ცნობისთვის: 29 სექტემბერს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარია პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების სავარაუდო შემთხვევებზე.
28 სექტემბერს პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მას და მის მხარდამჭერებს კვერცხები და ქვები დაუშინეს. მელია აღნიშნულს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება 187-ე მუხლითა (რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს) და 124-ე მუხლით (რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით) დაიწყო.
30 სექტემბერს მარნეულში საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მარნეულში საღამოს „ქართული ოცნების" წევრები „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თავს დაესხნენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მთავრი არხის" ინფორმაციით, მარნეულში მათ თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო.