
აფხაზური "პარლამენტი" ერევანსა და ბაქოს მოლაპარაკებეის სოხუმში გამართვას სთავაზობს
02/10/2020 13:35:01 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის გამო და ერევანსა და ბაქოს "ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით" მოლაპარაკებების სოხუმში გამართვას სთავაზობს.
"კონფლიქტრის ესკალაცია შეიარაღებული დაპირისპირების ზონის ფარგლებს სცდება და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონს უქმნის საფრთხეს. აფხაზი ხალხისთვის ახლო და გასაგებია იმ ადამიანების გრძობები, რომლებიც ბოლო დღეებში დაბომბვებსა და დაცხრილვებს განიცდიან" – ნათქვამია დე ფაქტო პარლამენტის განცხადებაში, რომელსაც აფხაზური მედია ავრცელებს.
დე ფაქტო პარლამენტი კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, "ცივილიზებულ მოლაპარაკებათა პროცესის დაწყებისკენ" მოუწოდებს.
"გთავაზობთ, ეს მოლაპარაკებები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობთ სოხუმში გაიმართოს" – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს თბილისში შეხვედრა შესთავაზა. საქართველოს პრემიერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია "უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე".
1 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთს და აზერბაიჯანს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებას რუსეთში შესთავაზა.
ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის დილით გამწვავდა და საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.
27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.
იხილეთ ასევე:
„თურქეთის ჩართვა NATO–სა და რუსეთის შეტაკებას ნიშნავს“ –ყარაბაღის კონფლიქტი და პროგნოზები
რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში