
ზურაბიშვილი–ევროკავშირს: "თუ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" რამეს ნიშნავს, გამოიყენეთ თქვენი ძალები სიტუაციის დეესკალაციისთვის"
03/10/2020 07:50:32 კავკასია, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს მიმართავს, სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის დეესკალაციისთვის საკუთარი ძალები გამოიყენოს.
"მინდა, მივმართო ევროკავშირს, ჩვენ სამივე ქვეყანა [სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი] ვართ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრები, თუ ეს რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს ეს დღევანდელ დღეს, ჩვენი სტაბილურობა ამ რეგიონში მშვიდობა არის უაღრესად ევროკავშირის ინტერესში ასევე, მინდა ევროკავშირმა თავისი ძალები გამოიყენოს მშვიდობისთვის და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. [...] ამ სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა", – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანსი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
2 ოქტომბერს ერევანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ბაქოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია. 30 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებათა უშედეგობაზე ისაუბრა და ცალკეული ქვეყნების მოწოდებებს დიალოგისკენ აზრს მოკლებული უწოდა.
27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.