როგორ უნდა აიცილოს საქართველომ თავიდან ყარაბაღის კონფლიქტში საკუთარი მოქალაქეების ჩართულობის რისკი

05-10-2020 16:47:58 კავკასია ,კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, იურისტი თინა ხიდაშელი იმ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ საუბრობს, რაც ქართულ სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს მოქალაქეების ყარაბაღის კონფლიქტში უშუალო ჩართულობა აღკვეთოს. საუბარია, მათ შორის აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობაზე. ცნობილია, რომ საქართველოს რიგ რეგიონებში პროცესებში მოხალისეებად ჩართვის სურვილები გამოითქვა.

"განსხვავებით ყველა სხვა დროისგან, სადღეისოდ სამართლებრივად კიდევ დამატებითი შემაფერხებელი მექანიზმი არის შექმნილი – თუ სახელმწიფო საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვარი იმისათვის გამოიყენოს, რომ ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეები არ გაუშვას (საუბარია საკუთარ მოქალაქეზე, თორემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვერ გააჩერებს). სადღეისოდ და ამ მოცემულობაში [პანდემიის პირობებში] თემის დარეგულირება მარტივადაა შესაძლებელი",– აცხადებს ხიდაშელი "აქცენტთან".

ამასთან, ხიდაშელი თავად მოხალისეთა შეკრების ხასიათზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, შეკრებისას იარაღი ფიგურირებს, თუ არა. როგორც ხიდაშელი განმარტავს, ნებისმიერ შემთხვევაში სახლმწიფოს კანონმდებლობა სათანადო რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.

"ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და იმის მიხედვით, როგორი პოლიტიკური ნება აქვს სახელმწიფოს, შეუძლია, სხვადასხვა კანონი აამოქმედოს", – განმარტავს ხიდაშელი.

რაც შეეხება აქტუალურ დეზინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთის გატარებასთან დაკავშირებით, ხიდაშელი ძლიერ საპირწონედ გამჭვირვალობას მიიჩნევს:

"დეზინფორმაციის მდევრის როლში არ უნდა ვიყოთ. უნდა შევეცადოთ, ვიყოთ საპირწონეები ამას ქართულ კანონმდებლობაში „გამჭვირვალობა“ ჰქვია. შესაბამისად, ქართულმა სახელმწიფომ ამ თემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი პროაქტიულად საჯარო უნდა გახადოს.​ ამგვარი დოკუმენტების გამოქვეყნების ვალდებულება კანონმდებლობით არ რეგულირდება, მაგრამ ეს სახელმწიფოს ხელს არ უშლის, ასეთი გადაწყვეტილება პროაქტიულად მიიღოს“.

ხიდაშელი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ პრობლემა არა თავისთავად იარაღის გატარება, არამედ მხარეებს შორის რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭებაა.

„პრობლემა, დარღვევა და შეუთავსებლობა შეგქვემნება მაშინ, თუკი აღმოჩნდება, რომ ვინმეს უპირატესობას ვანიჭებთ. ამიტომ, სანამ ქართულ სახელმწიფოს ბალანსი შენარჩუნებული აქვს, დასამალიც არაფერი აქვს და ყველა ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლება: აქ გამჭვირვალობა ყველაზე მარტივი პასუხია", – დასძინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის: 29 სექტემბერს ახალციხეში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეზოში ადგილობრივებმა სომხეთის მხარდასაჭერად შეხვედრა გამართეს. შეკრებილებმა სომხური არმიისთვის ფულით, პროდუქტით და ცოცხალი ძალით დახმარებაზე იმსჯელეს.

2 ოქტომებრს საქართველოში სომხეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება დეზინფორმაცია საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე.

2 ოქტომბერს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღისთვის შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების მოხალისეობრივ მხარდაჭერას არ საჭიროებს და საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართა, ქვეყანაში მიღებული ნორმებით იმოქმედონ.

5 ოქტომბერს აზერბაიჯანის პროკურატურამ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კოლეგებს მიმართა, თვალი მიადევნონ „მოხალისეთა“ შეკრებას მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ყარაბაღში, შეხების ხაზთან ვითარება 27 სექტებერს დაიძაბა. აზერბაიჯანელი სამხედროები შეტევაზე გადავიდნენ. ბაქო აცხადებს, რომ მისი მიზანი “დეოკუპაციაა”. კონფლიქტის ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, “გამარჯვებამდე იბრძოლოს”, მიუხედავად გაერო-ს, რუსეთის, საფრანგეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოწოდებებისა, მოლაპარაკებები განახლდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები