
ევროკავშირი: "დასანანია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა"
05/10/2020 16:00:15 საგარეო პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის თაობაზე ქვეყნის პარლამენტის მიერ 30 სექტემბერს მიღებულ კანონს "ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას" უწოდებს და სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა.
"დასანანია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა რეკომენდაციების თხოვნით კომისიას თავად მიმართა და აღნიშნული რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდებოდა ცნობილი. პარლამენტის გადაწყვეტილება არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის შექმნის დაკარგული შესაძლებლობა.
ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელოდება, რომ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შერჩევის პროცესის წესებს დამატებითად განიხილავს. სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვას საკვანძო მნიშვნელობა აქვს საქართველოსადმი მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის", – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოსეფ ბორელის პრეს–მდივნის პეტერ სტანოს განცხადებაში.