ვინ არის ფრანგი პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს დამახინჯებული რუკა გამოაქვეყნა
07/10/2020 09:17:43 პოლიტიკა
ფრანგმა პოლიტიკოსმა, ოვერნ-რონა-ალპების პროვინციის საბჭოს თავმჯდომარემ, ლორან ვოკიემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პრო-სომხური პოსტი და ფოტო, სადაც ნაჩვენებია რუკა, რომელზეც ახალქალაქი სომხეთის, და არა საქართველოს შემადგენლობაშია გამოსახული.
ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის გამოქვეყნებულ რუკას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. მომხდარის შესახებ უწყებამ ფრანგულ მხარეს უკვე აცნობა.
ვინ არის ლორან ვოკიე
ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი ლორან ვოკიე საფრანგეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია "რესპუბლიკელების" ლიდერი 42 წლის ასაკში გახდა. ყოფილმა მინისტრმა თანაპარტიელებისგან ხმების თითქმის 75% მოიპოვა.
ლორან ვოკიე ოვერნ-რონა-ალპის რეგიონის საბჭოს ხელმძღვანელია. ის რესპუბლიკელების მარჯვენა ფრთას წარმოადგენს. პოლიტიკოსი ევროსკეპტიზმს ემხრობა და ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლის მომხრეა.
2017-ში ფრანგი პოლიტოკოგები წერდნენ, რომ ვოკიეს ამ პოსტზე დანიშვნა პარტიას კრიზისიდან კი არ გამოიყვანს, არამედ მას დაამძიმებს კიდეც. "რესპუბლიკელების" ახალი ლიდერი ცნობილი იყო, როგორც პარტიის უკიდურესად მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი, ითვლებოდა ევროსკეპტიკოსად და კონსერვატორად. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, იგი იდეოლოგიურად ახლოს იყო "ნაციონალურ ფრონტთან", რომელიც პოპულისტურად და მარგინალურად ითვლება.
ლორან ვოკიეს ძალიან ბევრი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომელთა შორის ბევრი ცნობილი და გავლენიანი პოლიტიკოსი იყო. მისი თავმჯდომარედ არჩევიდან რამდენიმე დღეში, "რესპუბლიკელები" ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ქსავიე ბერტრანმა დატოვა.
"რესპუბლიკელების" ლიდერის პოსტი ვოკიემ 2019 წლის 3 ივნისს დატოვა.
რა დაწერა ლორან ვოკიემ
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს ლორან ვოკიე სოციალურ ქსელებში, "ტვიტერსა" და "ფეისბუქში" გამოეხმაურა.
"ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობ სომხეთსა და არცახს", - წერს ვოკიე "ტვიტერზე".
ერთ-ერთ ფოტოსურათზე, სომხეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების ყუთების ფონზე, კარგად ჩანს კედელზე მიმაგრებული რუკა, რომელზეც ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებული ახალქალაქი სომხეთის და არა საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული. რუკის ამ ინტერპრეტაციამ უკმაყოფილება და აღშფოთება გამოიწვია სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებლებში.
J’avais promis de ne jamais abandonner l’Arménie et Artsakh.Aujourd’hui, la Région débloque 55 000€ pour acheminer 13 tonnes de médicaments et de matériel d’urgence aux familles arméniennes qui ont tout perdu à Artsakh.Je le redis : nous ne vous laisserons pas seuls. pic.twitter.com/V71bGyYi5g
— Laurent Wauquiez (@laurentwauquiez) October 5, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტის გამოქვეყნებულ რუკას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ, საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ფოტომასალა, სადაც ასახულია რუკა, რომელზეც სომხეთის საზღვრებში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფისს“, – წერს მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში.
საფრანგეთის ელჩის პასუხი
პუბლიკაციას საქართველოში საფრანგეთის ელჩმი დიეგო კოლასი "ტვიტერზე" გამოეხმაურა. მისი თქმით, აღბეჭდილი რუკა, „ცხადია, არ წარმოადგენს საფრანგეთის მთავრობის პოზიციას. საფრანგეთის მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და მხარდაჭერა კარგადაა ცნობილი და მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.
I saw a pic of a map by a French politician. This map obviously does not represent the view of the 🇨🇵 government. 🇨🇵 govt respect and support for 🇬🇪 territorial integrity is well known and essential for us.
— Diégo Colas (@ColasDiego) October 6, 2020
წყარო: report.ge


