
ზალკალიანი ამბობს, რომ ბაქოსთან მოლაპარაკებები ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით გაგრძელდება
07/10/2020 13:17:40 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები „ახლადაღმოჩენილი გარემოებების“ გათვალისწინებით გაგრძელდება და იქნება მცდელობა, გადაიხედოს წინასწარი შეთანხმებები.
ამასთან, როგორც ზალკალიანმა თემის კომენტირებისას აღნიშნავს, საზღვრის დემარკაცია- დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური საუბრები შედგა მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან საქართველოში ვიზიტისას და მხარეები თანხმდებიან, რომ „აუცილებელია,ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე მოიძებნოს შეთანხმება“.
„აზერბაიჯანი იყო არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი და ვერც ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი, რომლის ფარგლებშიც ვეცდებით, გადაიხედოს საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებები, ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ, მეგობრულ ურთიერთობებს. ვინაიდან, ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გაგვაჩნდეს. ეს ძალიან მკაფიოდ მინდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ, რადგან ნებისმიერი პასუხისმგებლიანი, პატრიოტი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ გვქონდა დეტალური და შინაარსიანი საუბარი ამ დემარკაცია- დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით და ვთანხმდებით, რომ აუცილებელია მოიძებნოს შეთანხმება ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მიმართულებითაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, კომისიის ფარგლებში იქნება ძალიან საქმიანი და საგნობრივი განხილვა. მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიარეთ ახლადაღმოჩენილი გარემოებები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რუკები, საექსპერტო დასკვნები. ეს არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას აბსოლუტურად ნორმალური გაგება ჰქონდა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივ თქმით, აბსოლუტურად გაუმართლებელია მიმდინარე გამოძიების სამეზობლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირება.
„ისიც მინდა საზოგადოებას შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან იყო მაშინ, როდესაც კონფლიქტი დაწყებულიც კი არ იყო. რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები და ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულნი, ჩვენი ინტერესების დაცვით ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და სადაც არ დაზარალდება არცერთი მხარის სახელმწიფო ინტერესები“, - განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".