დანიაში საქართველოს ელჩი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს, ბრალდებას კი აბსურდულს უწოდებს
07/10/2020 13:35:55 პოლიტიკა, სამართალი
დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმიანება და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება", - წერს გიგიაძე.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".


