
ირაკლი ბერაია: „გამოძიება არის ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საქმე და ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე“
07/10/2020 15:53:53 საგარეო პოლიტიკა
„გამოძიება არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საქმე და ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაია დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, საკმაოდ მძიმე ბრალდება, რომელშიც საჯარო მოხელეები, ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქეა ჩართული. პროკურატურის განცხადებით, სამწუხაროდ ის დელიმიტაციის პროცესი, რომელიც დღემდე წარმოებდა წინა ხელისუფლების პირობებში, წარმოებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ. საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები. აზერბაიჯანთან ჩვენ გვაქვს მტკიცე, კეთილმეზობლური ურთიერთობაც, ჩართული ვართ, როგორც ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაში ასევე, ჩვენ გვაერთიანებს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები. ეს პროცესი, ნამდვილად ვერ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს მიუხედავად, სხვადასხვა მავნე აქტორების მხრიდან არა ერთი მცდელობისა. გამოძიება არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საქმე და ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისი თქმით, "ცოტა ხნის წინ საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა სადაც შეხვედრაზე, ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მისთვის ამ მასალების მიწოდება მოხდა":
„სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, ორივე მინისტრმა საკმაოდ კონსტრუქციულად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა. დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზირება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა აქტორს მოუწოდა მოზომილი და ფრთხილი განცხადებებისკენ და თქვა, რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიზირების საგანი. არ უნდა ხდებოდეს ის უპასუხისმგებლო გამოხდომები ოპოზიციის მხრიდან, რასაც დღეს აქვს ადგილი. ასევე მთავარი გზავნილი, რომელიც მან გააჟღერა იყო ის, რომ არ არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გადაუჭრელი საკითხები“.