
გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა
07/10/2020 20:04:14 საგარეო პოლიტიკა
გერმანიამ საქართველო ახალი კორონავირუსის რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა. დღეიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებისთვის აუცილებელია კორონავირუსის სავალდებულო ტესტის ჩატარება.
ამასთან, ჩამსვლელებს შესაძლოა, საკარანტინო სივრცეებში ყოფნა მოუწიოთ, თუკი კონკრეტული ფედერაციული ერთეულის – მიწის (Land) ადმინისტრაციას ასე აქვს განსაზღვრული უცხოელი მგზავრებისთვის.
რობერტ კოხის ინსტიტუტმა რისკის შემცველი ქვეყნების სია დღეს განაახლა. სიაში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ: იორდანია, რუმინეთი, ტუნისი, ასევე ნიდერლანდების, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიეტუვის, სლოვაკეთისა და უნგრეთის რამდენიმე რეგიონი.
გერმანია რეგიონებს რისკის შემცველად იმ შემთხვევაში აცხადებს, თუ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 50-ს აღემატება.
ცნობისთვის: საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი ივლისიდან უპირობოდ გაუხსნა გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმაც საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.
15 სექტემბერიდან საქართველომ გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა. 15 სექტემბრამდე ისინი საქართველოს საზღვარს თავისუფლად კვეთდნენ, 15 სექტემბრიდან მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტირების პასუხი, ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ყველა სახის ვიზიტით ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში, ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვა, მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
ბოლო 24 სააათში საქართველოში Covid-19–ით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსი 9 753 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 235 გამოჯანმრთელდა, 62 პაციენტი გარდაიცვალა.