
რა შემთხვევაში მიიჩნევს ალიევი ცეცხლის შეწყვეტას მიზანშეწონილად
08/10/2020 06:22:46 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, სომხეთმა უნდა წარმოადგინოს ჯარების გაყვანის გრაფიკი და ამის შემდეგ უნდა მიემართოს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტისკენ.
"აზერბაიჯანის მთავარი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. პირველ ეტაპზე სომხეთმა უნდა წარმოადგინოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანის გრაფიკი, რომელსაც ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ. ჩემი აზრით, ამის შემდეგ უნდა მიემართოს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტისკენ", – განაცხადა ალიევმა "Euronews"-თან ინტერვიუში.
"Euronews"-ს ინტერვიუ მისცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021