
„გამოძიების შედეგად გამოვლენილი გარემოებები ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“
08/10/2020 07:24:57 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დავით–გარეჯის საკითხის პოლიტიზირება მიუღებელია.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, გამოძიების შედეგები სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას ვერ დააზიანებს. .
"არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. გამოძიება უნდა დასრულდეს და ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც უკვე გავუზიარეთ აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას", - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: 7 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ დააკავა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით ბრალი წარუდგინა საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელს ივერი მელაშვილს და კომისიის წევრს ნატალია ილიჩოვას.
გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს". როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.
პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000.
კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით: "ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".