კობახიძე დანიაში საქართველოს ელჩს დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტების უხეშ დარღვევში ადანაშაულებს
08/10/2020 11:40:45 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დანიაში საქართველოს ელჩს გიგი გიგიაძეს "დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტების უხეშ დარღვევში" ადანაშაულებს.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარისთვის ივერი მელაშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადებამდე, ელჩს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან უნდა ჰქონოდა კომუნიკაცია.
"ეს ალბათ გადასამოწმებელია, მაგრამ როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, მინიმუმ უნდა იყოს ჯერ მისი მხრიდან ფაქტები გადამოწმებული და მეორე - კომუნიკაცია უნდა შედგეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ეს ყველაფერი როგორც ვიცით არ გაკეთებულა, აქედან გამომდინარე, უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს კი აბსურდული და საღ აზრს მოკლებული უწოდა.
მისი თქმით, მელაშვილი საქართველოს პატრიოტი და პროფესიონალია და იმედი გამოთქვა, რომ "სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება".
7 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ დააკავა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით ბრალი წარუდგინა დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელს, ივერი მელაშვილს და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას.


