ბიწაძე: „კარტოგრაფები, განზრახვა რომც ჰქონოდათ, ვერაფერს შეცვლიდნენ, საზღვრის ცვლილება სანტიმეტრითაც არ მომხადარა“

08-10-2020 16:26:37 პოლიტიკა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე ამბობს, რომ 2004–2008 წლებში საზღვართან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი შეთანხმება არ მომხდარა და პირობითი საზღვარი არც ერთი სანტიმეტრით არ შეცვლილა.

როგორც ბიწაძე აღნიშნავს, გარეჯის საკითხზე კომისიამ შეთანხმებას ვერ მიაღწია და დარჩა ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს და მისი დაშლის შემდეგ იყო, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ითვალისწინებდა პერსონალურ თხოვნას და კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სამხედროები არ ჩანდებოდნენ, რათა ინციდენტი არ მომხდარიყო.

„ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ 2004–2008 წლებში, როდესაც მე ვხელმძღვანელობდი სასაზღრო პოლიციას, საქართველო–აზერბაიჯანის საზღრის ცვლილება არც ერთი სანტიმეტრით არ მომხდარა. საზღვრის უმეტესობა შეუთანხმებელია. კომისია ამ საკითხზე მუშაობდა, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა და დარჩა ისე, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს ორ მოკავშირე რესპუბლიკას შორის.

ორივე მხრიდან მუშაობა რამოდენიმე რუქაზე მიდიოდა. საზღვრის დელიმიტაცია არ მიდის ცალმხრივად, ეს შეთანხმებაა სახელმწიფოებს შორის. ამიტომ, ის კარტოგრაფები, რომლებიც დაკავებულები არიან, განზრახვა რომც ჰქონოდათ, ვერაფერს შეცვლიდნენ: შეთანმება ხდება ორი სახემწიფოს პირველ პირებს შორის, რომელსაც რატიფიკაცია პარლამენტმა უნდა გაუკეთოს და ა.შ. ამდენად, არაფერი შეცვლილა, მუშაობა სხვადასხვა რუქებით მიდიოდა, მაგრამ 2004–2008 წლებში არავითარი ცვლილება, შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ მომხდარა.

გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. უბრალოდ, მე ახლო ურთიერთობა მქონდა აზერბაიჯანის სასაზღვროს უფროსად, ვთხოვდი, არ გამოჩენილიყვნენ ფორმიანი ჯარისკაცები გარეჯთან, რომ პრობლემა არ შეჰქმნოდათ მომლოცველებს, სასსულიერო პირებს, ისინი თხოვნას ასრულებდნენ და ამ ოთხი წლის განმავლობაში არანაირი ექსესი არ მომხდარა“,– განაცხადა ბადრი ბიწაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ბიწაძე ფიქრობს, რომ საკითხი ხელოვნურადაა წამოწეული.

„პერიოდში, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება, თემის წამოწევა ჩვენთვის ძალიან სახიფათოა და ვთხოვდი ყველას, ვინც ჩართულია ამ საქმეში, სერიოზულად, პროფესიონალურად და დიპლომატიურად მივუდგეთ საკითხს“,– დასძინა ბიწაძემ.

ცნობისთვის: სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” გუშინ დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

თავად დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები