დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა შეეფარდათ
08/10/2020 18:55:47 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გირაოს სახით 20 000 ლარის გამოყენებას ითხოვდა. ხოლო ივერი მელაშვილის ადვოკატის მოთხოვნა იყო პროცესის გადადება, რადგან მისი განცხადებით, საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცათ და შესაბამისად, გაცნობას ვერ მოასწრებდნენ.
ბრალდების მხარე სხდომის გადადებას არ დაეთანხმა, რადგანაც საქმის პროკურორის თქმით, უზრუნველყოფილი იყო, რომ პირველ წარდგენამდე მომხდარიყო საქმის მასალების გადაცემა.
დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი მის მიმართ წარგენილ ბრალდებას "პოლიტიკურად მოტივირებულად" აფასებს.
"არ ვაპირებ, ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თავი. გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში? მე ვერც ციხე გამტეხს. კი ბატონო, ჩამსვით მაგრამ, ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ. არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია“, - განაცხადა მელაშვილი.
წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.
ცნობისთვის: სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” გუშინ დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
თავად დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.


